ჩვენ მზად ვართ შევებრძოლოთ იმერეთის რეგიონში ყველაზე საშიშ ინფექციებსაც კი

გამოქვეყნებული 26 ოქტ. 2018 წასაკითხი დრო 5 წუთი
ჩვენ მზად ვართ შევებრძოლოთ იმერეთის რეგიონში ყველაზე საშიშ ინფექციებსაც კი
© Foto: Ramaz Chichinadze

საქართველოში სოფლად მცხოვრები მოსახლეობის უმრავლესობისთვის, სასოფლო-სამეურნეო საქმიანობა ძირითადი საარსებო წყაროა. მეცხოველეობა და მცირე მეურნეობები შემოსავლის გენერირების მთავარი საშუალებაა. მეცხოველეობის სასიცოცხლო დანიშნულების მიუხედავად, სავალალო მდგომარეობაა შინაურ პირუტყვზე ზედამხედველობისა და ჯანდაცვის კუთხით. ცხოველთა მეპატრონეების (ფერმერები) მიზანია მაქსიმალური შემოსავლის მიღება მინიმალური დანახარჯებით, რაც გამოიხატება ვეტერინარული საკითხების უგულებელყოფითა და მოვლა-მკურნალობის არასათანადო პრაქტიკის გამოყენებით.

ხშირ შემთხვევაში, ფერმერები ვაქცინაციას ახდენენ სრულიად დამოუკიდებლად. ისინი მიმართავენ სხვადასხვა პრევენციულ ზომებს ვეტერინარული ზედამხედველობის გარეშე, იძენენ მედიკამენტებს საკუთარი შეხედულებისამებრ. ფერმერები თვლიან, რომ კარგად ერკვევიან ვეტერინარულ საკითხებში. შესაბამისად, პროფესიულ დახმარებას მიმართავენ მხოლოდ უკიდურეს შემთხვევებში. შედეგად კი, ვიღებთ ინფიცირებულ პირუტყვს, სიკვდილიანობის მაღალი მაჩვენებლით.

მაშინ როცა განვითარებული ქვეყნების უმრავლესობა ორიენტირებულია დაავადებებისა და პათოლოგიური პირობების პრევენციაზე, ქართველი ფერმერები, უმთავრესად, დაკავებულნი არიან დაავადების შედეგებთან ბრძოლით.

ამასთანავე, ხელისუფლების პოზიცია პასიურია, რადგან მას არ გააჩნია არც ფინანსური, არც ადამიანური რესურსები აიღოს სრული პასუხისმგებლობა და გადაჭრას არსებული პრობლემები. ხელისუფლების ძალისხმევა შემოიფარგლება საქონლიდან ადამიანზე გადამდები დაავადებების ვაქცინაციის დაფინანსებით; შედეგად, მწვავე პრობლემის წინააღმდეგ ბრძოლაში, ქართველი ფერმერები რჩებიან ვეტერინარული ასოციაციებისა და იმ ორგანიზაციების ანაბარა, რომლებიც სპეციალიზირებულია ამ მიმართულებით.

იმერეთის ვეტერინარული ასოციაცია ერთ-ერთია იმერეთის რეგიონში მოქმედ მცირერიცხოვან ვეტერინარულ ორგანიზაციებს შორის. ასოციაციაში დასაქმებულნი არიან სპეციალისტები, რომელთაც გააჩნიათ კერძო პრაქტიკა ცხოველთა მკურნალობის, დაავადებების პრევენციის, მედიკამენტოზური მკურნალობის, პირუტყვთა დაკვლის სანიტარული ზედამხედველობის, ლაბორატორიული საქმიანობისა და სურსათის უვნებლობის კუთხით. 2014 წლიდან, ასოციაცია ფერმერებს უწევს ვეტერინარულ კონსულტაციებსა და ტექნიკურ მომსახურებას. გარდა ამისა, ის აქტიურად ეწევა ფერმერთა ცნობიერების ამაღლებას პირუტყვთა დაავადებების შესახებ და ხელს უწყობს კერძო ვეტერინარული მომსახურების განვითარებას რეგიონში. თუმცა, მაღალი მოტივაციისა და გულმოდგინე შრომის მიუხედავად, ტექნიკური და მატერიალური ბაზა ნაკლებად იძლეოდა იმერეთის რეგიონის სრულად დაფარვის საშუალებას. შედეგად, ასოციაცია ემსახურებოდა განსაკუთრებული საჭიროების მქონე მხოლოდ რამდენიმე სოფელს.

ასოციაციის საბჭოსთან ერთად, ზვიად ნატრიაშვილი, „იმერეთის ვეტერინარული ასოციაციის" ხელმძღვანელი და სოფლის მეურნეობის გამოჩენილი ექსპერტი, აქტიურად იყო ჩართული ფინანსური რესურსების მოძიების პროცესში. ასოციაციის მიზანი იყო საჭირო ტექნიკური აღჭურვილობის შეძენა და საბოლოოდ, საქმიანობის არეალის გაფართოება.

„ჩვენ გვჭირდებოდა ფულადი რესურსები თანამედროვე ვეტერინარული ტექნიკის შესაძენად, რაც საშუალებას მოგვცემდა დავხმარებოდით საჭიროების მქონე ყველა ფერმერს. ეს იქნებოდა კეთილდღეობისა და შემოსავლის ზრდის გარანტი მესაქონლეობაზე დამოკიდებული მოსახლეობისთვის. ცხადია, ნაკლებად ველოდით სახელმწიფო დაფინანსების მიღებას, რადგან მთავრობის ძალისხმევა მხოლოდ მიმართულია ადამიანზე გადამდები დაავადებების პრევენციაზე. ასე რომ, გვრჩებოდა ორი მეტნაკლებად რეალური ალტერნატივა: პირველი, მაღალი ფინანსური რისკის შემცველი საბანკო სესხი და მეორე, არასამთავრობო ორგანიზაციის გრანტი", - ამბობს ზვიად ნატრიაშვილი.

2015 წელს, ევროკავშირის და ჩეხეთის განვითარების სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერით, ორგანიზაციამ „ადამიანი გაჭირვებაში" (PIN) განახორციელა პროფესიული განათლების განვითარების პროექტი. პროგრამის მიზანი იყო იმერეთის რეგიონში ფორმალური და არაფორმალური პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების ხელშეწყობა. ორგანიზაციას ჰქონდა მკაფიო ხედვა იმერეთის სოფლებში ფერმერების წინაშე მდგარი პრობლემების შესახებ.

„ჩვენ კარგად ვიცოდით, რომ იმერეთის ფერმერებს მნიშვნელოვან პრობლემებს უქმნიდა მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის ინფექციური დაავადებები. შეხვედრების დროს, ვისმენდით ერთსა და იმავე ამბავს თითქმის ყველა სოფელში: ინფექციური დაავადების გამწვავება გარდაუვალი იყო სულ მცირე წელიწადში ერთხელ. ფერმერები ცდილობდნენ საკუთარი ძალებით გამკლავებოდნენ პრობლემას; თუმცა, ძალისხმევა, როგორც წესი, უშედეგო იყო, რადგან ფერმერებს არ გააჩნდათ სათანადო ვეტერინარული ცოდნა და უნარები. აღსანიშნავია, რომ პროფესიონალ ვეტერინართა მომსახურებით სარგებლობა ნაკლები პოპულარობით სარგებლობდა იმერეთის ფერმერთა შორის. სიტუაციის შესწავლის შემდეგ, დავრწმუნდით, რომ აუცილებელი იყო კონკურსის გამოცხადება ვეტერინარული ორგანიზაციებისთვის, რომლებიც ხელს შეუწყობდნენ ფერმერთა ცნობიერების ამაღლებას, ვეტერინარების გადამზადებას და კერძო ვეტერინარული მომსახურების პოპულარიზაციას რეგიონში," - აცხადებს პროექტის მენეჯერი, გია სანტურიანი.

დაფინანსების მისაღებად, გადაწყვეტილება იქნა მიღებული გრანტის სასარგებლოდ. იმერეთის ვეტერინარულმა ასოციაციამ მალევე წარადგინა პროექტი „ცნობიერების ამაღლების კამპანია ფერმერთათვის" და მიიღო დაფინანსება.

გრანტმა საშუალება მისცა ასოციაციას მომსახურება გაეწია 29 სოფლისთვის, 11 მუნიციპალიტეტში. კერძოდ, ასოციაციამ მომსახურების გაწევა დაიწყო ტყიბულის, ხონის, ვანის, ხარაგაულის, საჩხერის, სამტრედიის, ჭიათურის, ბაღდათის, თერჯოლის, წყალტუბოსა და ზესტაფონის მუნიციპალიტეტებში. საჭირო სასწავლო და საგანმანათლებლო მასალებით უზრუნველყოფილ იქნა 1000-ზე მეტი ფერმერი და ვეტერინარი. გარდა ამისა, ასოციაციამ გადასცა ფერმერებს პესტიციდები და მედიკამენტები შიდა და გარე პარაზიტების სამკურნალოდ.

ასოციაციამ დახმარება გაუწია სამტრედიის მუნიციპალიტეტში, სოფელ იანეთში მცხოვრებ ეთნიკურ უმცირესობას, მესხებს ...

„მესხთათვის, ჩვენი მხარდაჭერა არსებითად მნიშვნელოვანი იყო, რადგან მათთვის შემოსავლის ერთადერთ წყაროს სწორედ მეცხოველეობა წარმოადგენს," - აცხადებს ზვიად ნატრიაშვილი.

დადებითი შედეგის მიუხედავად, ფერმერებთან მუშაობა იმერეთის ვეტერინარული ასოციაციისთვის საკმაოდ რთული ამოცანა აღმოჩნდა. ცოდნისა და უნარ-ჩვევების ნაკლებობის გარდა, ფერმერები თავდაპირველად გამოირჩეოდნენ სკეპტიკური განწყობით ახალი მეთოდების შესწავლისა და დანერგვის მიმართ.

„გაზაფხულის მუდმივი შიში გვქონდა, რადგან ეს არის სწორედ ის პერიოდი, როდესაც თავს იჩენს საშიში ინფექციური დაავადებების უმეტესობა, როგორიცაა მასტიტი, ბრუცელოზი, აფრიკული ცხელება. ჩვენ ვიყავით სრულიად დაუცველნი, რადგან არ გვქონდა სათანადო ინფორმაცია ამ ინფექციების შესახებ. ჩემი თანასოფლელების მსგავსად, ინფექციების წინააღმდეგ ბრძოლისას, ძველი მეთოდების ერთგული ვრჩებოდი; მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი ძალისხმევა უმეტესად მარცხით მთავრდებოდა, კვლავ მივმართავდით ძველ, უკვე ნაცნობ ზომებს, რადგან ვთვლიდით, რომ არც კი არსებობდა უკეთესი მიდგომები. ვფიქრობდით კიდეც, რომ უბრალოდ შეუძლებელი იყო ამ დაავადებების წინააღმდეგ ბრძოლა ან მათი პრევენცია. გულწრფელად რომ ვთქვათ, სკეპტიკურად შევხვდი მოწვევას დავსწრებოდი იმერეთის ვეტერინარული ასოციაციის მიერ ორგანიზებულ ტრენინგს. ვყოყმანოვდი, დავსწრებოდი თუ არა ამ ღონისძიებას. პოზიცია შევიცვალე მას შემდეგ, რაც პრაქტიკაში დავნერგე ტრენინგის შედეგად მიღებული ცოდნა და მივიღე პოზიტიური შედეგი",- აცხადებს ფერმერი ხონიდან, დავით ჯანგავაძე.

მაშინ როცა ფერმერები განიხილავდნენ პროფესიონალ ვეტერინართა მომსახურებას ფულის არასაჭირო ფლანგვად, სოფლის მეურნეობის ექსპერტებმა ცხადად განმარტეს, რომ პროფესიული ვეტერინარული მომსახურების გამოყენება, რეალურად, მეტი ეფექტის მომტანი იყო. კერძოდ, მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის დაკარგვით გამოწვეული ხარჯი მნიშვნელოვნად აღემატება ვეტერინარული მომსახურების საფასურს. ფერმერების ნდობა მას შემდეგ გაიზარდა, რაც დაინახეს, რომ ვეტერინარების გადამზადება ხდებოდა გამოჩენილი ექსპერტების მიერ. შედეგად, ერთი წლის მონაცემებით, მნიშვნელოვნად მოიმატა ვეტერინარული მომსახურებით მოსარგებლე ფერმერთა რიცხვმა.

„მრავალრიცხოვანი ინფექციების გავრცელებისა და ჩვენი დახმარების საჭიროების მიუხედავად, უმეტესწილად, უსაქმოდ ვიყავით, რადგან ფერმერთა უმნიშვნელო რაოდენობა სარგებლობდა ჩვენი მომსახურებით. მიუხედავად იმისა, რომ სიტუაცია ახლაც არ არის იდეალური, ვხედავთ პოზიტიურ ცვლილებებს, რადგან ფერმერები მეტად ხშირად მოგვმართავენ კონსულტაციებისა და მხარდაჭერისთვის", - ამბობს გელა ჯღარკავა, ვეტერინარი სამტრედიიდან.

აღნიშნული წარმატება აღმოჩნდა სტიმული PIN-ისთვის დაეფინანსებინა ასოციაციის მორიგი პროექტი, ამჯერად, ENPARD პროგრამის ფარგლებში. პროექტის „იმერეთის რეგიონში ფერმერთათვის მაღალხარისხიანი და ყოვლისმომცველი სერვის ცენტრების მოწყობა" ითვალისწინებს იმერეთის რეგიონში მცირე ვეტერინარული ცენტრების გახსნას, სადაც ფერმერები მიიღებენ თანამედროვე და მაღალკვალიფიციურ მომსახურებას. სერვის ცენტრები მოეწყობა იმერეთის სამ მუნიციპალიტეტში, კერძოდ, ზესტაფონში, წყალტუბოსა და ხონში. ცენტრები უზრუნველყოფს ფერმერებს შემდეგი სახის მომსახურებით: დაავადებების პრევენცია, ანტიპარაზიტული ვაქცინაცია, პირუტყვის მკურნალობა, ქირურგიული ოპერაციები, კასტრაცია, სტერილიზაცია და ხელოვნური განაყოფიერება.

„ახლა შეგვიძლია ცალსახად ვთქვათ, რომ ტექნიკური და საოპერაციო თვალსაზრისით, ჩვენ მზად ვართ შევებრძოლოთ იმერეთის რეგიონში ყველაზე საშიშ ინფექციებსაც კი", ამაყად აცხადებს ზაალ ნატრიაშვილი.

Autor: რამაზი ჭიჭინაძე

მსგავსი სტატიები