მეფუტკრეობის მდგრადი განვითარება საქართველოში - დახურული საგრანტო კონკურსი

მეფუტკრეობის მდგრადი განვითარება საქართველოში - დახურული საგრანტო კონკურსი

„ფიფლ ინ ნიდ“ (People In Need - PIN) ჩეხური არასამთავრობო ორგანიზაციაა, რომელიც ჰუმანიტარული დახმარებისა და განვითარების ხელშეწყობის პარალელურად, ადამიანის უფლებების დაცვასა და დემოკრატიაზე დაფუძნებული თავისუფლების დანერგვაზეა ორიენტირებული. იგი ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის უდიდესი არასამთავრობო ორგანიზაციაა, რომელმაც ბოლო 2 ათეული წლის განმავლობაში სხვადასხვა სახის პროექტი განახორციელა მსოფლიოს 37 ქვეყანაში. „ფიფლ ინ ნიდ“ საქართველოში 2005 წლიდან მოღვაწეობს და წარმოდგენილია ოფისებით თბილისში, ქუთაისში, ზუგდიდში, გორსა და სტეფანწმინდაში.

2018 წლის მაისიდან „ფიფლ ინ ნიდ“ (People In Need - PIN), ჩეხეთის განვითარების სააგენტოს (Czech Development Agency - CzDA) მხარდაჭერით ახორციელებს პროექტს „მეფუტკრეობის მდგრადი განვითარება საქართველოში.”

პროექტი მიზნად ისახავს მეფუტკრეების პროდუქტიულობის გაზრდის ხელშეწყობას შემდეგ სამიზნე რეგიონებში: იმერეთი, გურია, რაჭა-ლეჩხუმი, კახეთი, მცხეთა-მთიანეთი და ორიენტირებულია დამწყები, მცირე და საშუალო ზომის მეფუტკრეების განვითარებისა და მათ მიერ წარმოებული თაფლის და ფუტკრის სხვა პროდუქტების ხარისხის და მოცულობის ზრდაზე, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს მათი საარსებო საშუალებების გაუმჯობესებას.

პროექტის ერთ-ერთი კომპონენტი მიმართულია მცირე და საშუალო ზომის მეფუტკრეების ცოდნის ამაღლებასა და უნარ-ჩვევების გაუმჯობესებაზე, მათთვის 7-დღიანი თეორიული და პრაქტიკული, საბაზისო ტრენინგ კურსის მიწოდების გზით, რომელიც მოიცავს მეფუტკრეობის ძირითადი ოპერაციების სახელმძღვანელო პრინციპებს, პრაქტიკულ რჩევებს თაფლისა და ფუტკრის სხვა პროდუქტების თანმიმდევრული და ხარჯთეფექტური წარმოების კუთხით, მარკეტინგულ საკითხებს და სხვ.

მიმდინარე წლის 17 მაისიდან 21 ივნისამდე აღნიშნული ტრენინგები ჩატარდა მსხვილი კომერციული, პროფესიონალი მეფუტკრეების მიერ, მათსავე საწარმოებში/ საფუტკრეებში, რათა კურსი ყოფილიყო უფრო პრაქტიკული და მონაწილეებს სწრაფად აეთვისებინათ ახალი უნარ-ჩვევები. საბოლოო ჯამში, პროექტის სამიზნე რეგიონებში ჩამოყალიბდა 10 ტრენინგ ჯგუფი, რომლის მეშვეობით გადამზადდა, კონკურსის წესით შერჩეული 143 მცირე და საშუალო მეფუტკრე.

პროექტის დასაწყისში ჩატარებული გამოკითხვის თანახმად, მცირე და საშუალო მეფუტკრეების წარმოების ღირებულებათა ჯაჭვი ხასიათდება მთელი რიგი ხარვეზებით, რომლებიც აფერხებს მათი ბიზნესის ეფექტურ განვითარებასა და შემოსავლების ზრდას. მათ შორის საგულისხმოა შემდეგი ხარვეზები, რომელთა გადაჭრა შესაძლებელია შედარებით მარტივად და სწრაფად, მცირე გრანტების სტიმულირების გზით:
  • მცირე და საშუალო ზომის მეფუტკრეების დაბალი პროდუქტიულობა, რაც გამოწვეულია მათ საკუთრებაში არსებული მოძველებული ტექნიკითა და არასათანადო ინფრასტრუქტურით;
  • მცირე მეფუტკრეთა შეზღუდული ხელმისაწვდომობა თაფლის ამოღების, შენახვისა და კუპაჟირებისათვის საჭირო პროფესიონალურ მოწყობილობებზე - შედეგად, მცირე მეფუტკრეთა მიერ თაფლის დამუშავება ხდება უხარისხო და არაეფექტური დანადგარების გამოყენებით;
  • ახალი ტექნოლოგიების ცოდნის დეფიციტი;
  • არაეფექტური თანამშრომლობა მცირე ზომის მეფუტკრეებს შორის;

საგრანტო კონკურსის პირობები:

არასამთავრობო ორგანიზაცია „ფიფლ ინ ნიდ“ (შემდგომში PIN), ჩეხეთის განვითარების სააგენტოს (CzDA) დაფინანსებით აცხადებს დახურულ ტექნიკურ საგრანტო კონკურსს მცირე და საშუალო ზომის მეფუტკრეებისათვის, რომლის მიზანია საბაზისო ტრენინგ კურსზე მიღებული ცოდნისა და გამოცდილების შესაბამისად, ახალი ტექნოლოგიების დანერგვა საკუთარ საფუტკრეში, რაც თავის მხრივ აამაღლებს მათ პროდუქტიულობას და ხარისხს.

საგრანტო კონკურსის დაფარვის ზონაა იმერეთი, რაჭა-ლეჩხუმი, ქვემო სვანეთი, გურია, კახეთი და მცხეთა-მთიანეთის რეგიონები.

ტექნიკური გრანტის (შემდგომში პროექტის თანაინვესტირება) მოთხოვნა შეუძლიათ მხოლოდ და მხოლოდ იმ მცირე და საშუალო ზომის მეფუტკრეებს ან მეფუტკრეთა ჯგუფებს (მაქსიმუმ 4 მეფუტკრე), რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს PIN-ის მიერ 2019 წლის 17 მაისიდან - 2019 წლის 21 ივნისამდე ორგანიზებულ 7-დღიან ტრენინგ კურსში და გადაეცათ სერტიფიკატი კურსის წარმატებით დასრულებისათვის. მეფუტკრეობის ტრენინგის ყოველ ჯგუფში გაიცემა მინიმუმ ერთი გრანტი.

საგრანტო კონკურსის სქემა:

პროექტის თანაინვესტირების მაქსიმალური ოდენობაა 2 000 (ორი ათასი) ლარი. პროექტის თანაინვესტირებას უნდა დაემატოს კონკურსში გამარჯვებული მეფუტკრის თანადაფინანსება, რომელიც უნდა შეადგენდეს PIN-გან მოთხოვნილი თანაინვესტირების არანაკლებ 10%-ს ფულადი სახით, რაც გამოყენებული უნდა იყოს მხოლოდ კაპიტალური ინვესტირებისათვის, წარმოების ძირითადი საშუალებების შესაძენად. თანადაფინანსების ფარგლებში შესაძენი ინვენტარი/ები შეძენილი იქნება გამარჯვებული ბენეფიციარის მიერ. შესყიდვის დამადასტურებელი დოკუმენტი წარდგენილი უნდა იყოს PIN-ის ოფისებში, საგრანტო ხელშეკრულებაში მითითებულ ვადებში ქვემოთ მითითებულ მისამართებზე. განმცხადებლების თანაინვესტირება შემოწმდება ორგანიზაციის წარმომადგენლის მიერ.

საგრანტო სქემა ითვალისწინებს საინვესტიციო პროექტის ფარგლებში შესაძენი ძირითადი საშუალებების მთლიანი ღირებულების მაქსიმუმ 90%-ის PIN-ის მიერ ანაზღაურებას, დანარჩენი 10% კი უნდა დაფინანსდეს თავად გამარჯვებულის მიერ. მაგალითად, თუ საინვესტიციო პროექტის ფარგლებში შესაძენი მოწყობილობ(ებ)ის ღირებულება შეადგენს 1000 ლარს, პროექტის ფარგლებში გამოიყოფა 900 ლარი, ხოლო დარჩენილი თანხას - 100 ლარს გადაიხდის თავად გამარჯვებული.

PIN-ი არ გადაურიცხავს უშუალოდ თანხას გამარჯვებულ განმცხადებლებს, პროექტის თანაინვესტიცია გამოყენებული იქნება მხოლოდ წარმოების ძირითადი საშუალებების შესაძენად და არა ოპერაციული ან/და მიმდინარე ხარჯების დასაფარად, ასევე განმცხადებლებმა არ უნდა მოითხოვონ პროექტის თანაინვესტირება შენობების, მიწის და ინფრასტრუქტურის შესაძენად/გასარემონტებლად;

პროექტის თანაინვესტირება გამოყენებული იქნება თაფლისა და ფუტკრის სხვა პროდუქტების წარმოების ძირითადი საშუალებების შესაძენად, რომლებიც შეესაბამება თანამედროვე სურსათის უვნებლობის მოთხოვნებს, ასევე ხელს შეუწყობს ტრენინგ კურსზე შეძენილი ახალი ტექნოლოგიების/მიღებული ცოდნის საკუთარ საფუტკრეში დანერგვას და ფუტკრის პროდუქტების რაოდენობრივ და ხარისხობრივ ზრდას, მაგალითად ფუტკრის თანამედროვე სკები ან/და ფუტკრის ოჯახები, თაფლის თანამედროვე ექსტრაქტორები/საწურები, საკუპაჟეები, თაფლის შესანახი ჭურჭელი, სპეც ტანსაცმელი და ა.შ., აგრეთვე გადამამუშავებელი, შესაფუთი, ლაბორატორული და ვეტერინარული მოწყობილობები, სურსათის უვნებლობისა და ხარისხის კონტროლის ინსტრუმენტები და ა.შ.

კონკურსში გამარჯვებულ მეფუტკრეებთან გაფორმდება საგრანტო ხელშეკრულება, სადაც დეტალურად იქნება აღწერილი ორივე მხარის უფლება-მოვალეობები. პროექტის თანაინვესტირებით შეძენილი აქტივები თავდაპირველად გადაეცემა გამარჯვებულ განმცხადებლებს თხოვების წესით, ხოლო 2019 წლის დეკემბერში კი გადაეცემა საჩუქრად, იმ პირობით, რომ შესრულებული იქნება განმცხადებლის საგრანტო ხელშეკრულების ყველა ძირითადი პირობა.

საგრანტო კონკურსის განრიგი:

პროექტის თანაინვესტირების მიღების მსურველებმა კონკურსის გამოცხადებიდან 20 (ოცი) კალენდარული დღის ვადაში ელექტრონულად უნდა შეავსონ აპლიკაციის ფორმა (აპლიკაციის ფორმა - იხ დანართი #1) და გამოგზავნონ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: pinadmin.georgia@peopleinneed.cz, ან მოიტანონ ელექტრონული ვერსია CD დისკზე ჩაწერილი PIN-ის ოფისებში, შემდეგ მისამართებზე: 

  • ქ. ქუთაისი, სოლომონ პირველის ქ. #27;
  • ქ. თბილისი, გ. ქიქოძის ქ. #16.
საგრანტო განაცხადები წარდგენილი უნდა იყოს ელექტრონული სახით. განაცხადების წარდგენის საბოლოო ვადაა 2019 წლის 22 ივლისი, 17:00 საათი.

აპლიკაციის ჯეროვანი ხარისხის უზრუნველსაყოფად პროექტის გუნდი გამართავს კონსულტაციებს საგრანტო განაცხადის დაწერასთან დაკავშირებით.

წარდგენილი განაცხადები განიხილება და შეფასდება შესარჩევი კომისიის მიერ, რომლის შემადგენლობაში იქნებიან პროექტის გუნდი და მეფუტკრეობის ექსპერტები, შემდეგი კრიტერიუმების მიხედვით:
  • ტექნიკური განხორციელებადობა;
  • განმცხადებლის თანაინვესტირების პროცენტი
  • ტრენერის მიერ მიცემული შეფასება;
  • აპლიკანტების აქტიური მონაწილეობა ABC ტრენინგებში - 7 დღიან ტრენინგ კურსზე დასწრების მაჩვენებელი;
  • თაფლის ან/და ფუტკრის სხვა პროდუქტების ხარისხისა და რაოდენობის მოსალოდნელი ზრდა გრანტით შეძენილი დანადგარი/ების გამოყენების შედეგად;
  • გრანტით მიღებული მოწყობილობის ხარჯთეფექტურობა;
თითოეულ კრიტერიუმს მიენიჭება გარკვეული ქულა. იმ შემთხვევაში, თუ რამოდენიმე აპლიკანტი მიიღებს თანაბარ ქულებს ძირითად კრიტერიუმებში, უპირატესობა მიენიჭებათ ქალებს, ახალგაზრდებსა და დევნილთა ჯგუფების წარმომადგენლებს.

საგრანტო კონკურსის გრაფიკი:

  • 3 ივლისი საგრანტო კონკურსის გამოცხადება;
  • 3 ივლისი - 19 ივლისი კონსულტაციების საგრანტო აპლიკაციის შევსებაზე;
  • 22 ივლისი, 17:00 საათი საგრანტო განაცხადის ჩაბარების ბოლო ვადა;
დაწყებული 3 ივლისიდან საგრანტო განაცხადის ფორმის გადმოწერა შეიძლება PIN-ის ვებსაიტიდან www.pin.ge. საგრანტო განაცხადის ფორმის მიღება შეიძლება ასევე PIN-ის ოფისებში, ხოლო ელექტრონულად შევსებული საგრანტო განაცხადი გამოგზავნილი უნდა იქნას შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: pinadmin.georgia@peopleinneed.cz

კონკურსში მონაწილეობა არ შეუძლიათ PIN-ისა და პარტნიორი ორგანიზაციების თანამშრომლებს, რომლებიც ჩართულნი არიან პროექტში, ადგილობრივი და სახელმწიფო მმართველობის ორგანოების წარმომადგენლებს, ვისაც შეუძლია გავლენის მოხდენა გადაწყვეტილების მიღების პროცესზე, ასევე შესარჩევი კომისიის წევრებს. აღნიშნული ეხება ჩამოთვლილ პირთა ოჯახის წევრებსაც.

კონსულტაციისათვის და დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ პროექტის კოორდინატორებს, სამუშაო დღეებში 09:00 საათიდან 18:00 საათამდე, ქვემოთ მითითებულ საკონტაქტო ნომრებზე ან ელ. ფოსტაზე:
თეონა ფურცხვანიძე
პროექტის კოორდინატორი იმერეთში, გურიასა და რაჭა-ლეჩხუმი ქვემო სვანეთის რეგიონებში
People In Need, ქუთაისი, სოლომონ პირველი 27
ტელეფონი: 599 301 305
ელ ფოსტა: teona.purtskhvanidze@peopleinneed.cz
ვიტალი დუნდუა
პროექტის კოორდინატორი კახეთსა და მცხეთა-მთიანეთის რეგიონებში
People In Need, თბილისი, გ. ქიქოძის ქ. N16
ტელეფონი: 595 65 55 57
ელ ფოსტა: vitali.dundua@peopleinneed.cz
ავტორი: Ramaz Chichinadze, Communication Officer