მობილური შინ მოვლის პროგრამა ხანდაზმულებისათვის

2017 წლიდან, ორგანიზაცია „ფიფლ ინ ნიდ" ზუგდიდის გამგეობის სოციალურ სამსახურთან ერთად, წარმატებით ახორციელებს პროექტს, რომლის სამიზნე ჯგუფია უკიდურესად უმწეო კატეგორია: მარტოხელა ხანდაზმული მოსახლეობა. 

მარტოხელა მოხუცებისადმი განსაკუთრებული ყურადღების გამოჩენის აუცილებლობა დღის წესრიგში დააყენა მრჩეველთა საბჭოებმა, რომლებიც, ორგანიზაციის "ფიფლ ინ ნიდ" მხარდაჭერით, დაფუძნდა 2016 წლის მაისში, საქართველოს ოთხ სამიზნე მუნიციპალიტეტში: ტყიბული, ხონი, გორი და ზუგდიდი. მრჩეველთა საბჭოების წევრები არიან როგორც ადგილობრივი ხელისუფლების, ასევე არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები. მრჩეველთა საბჭოების მიერ შემუშავებულ იქნა სოციალური ჩართულობის სტრატეგია. სწორედ აღნიშნული საქმიანობა გასწია მრჩეველთა საბჭომ ზუგდიდის მუნიციპალიტეტში. შემუშავებულ სტრატეგიაში, მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს ხანდაზმულთა პრობლემატიკას და მათ საჭიროებებზე ორიენტირებულ სერვისებს.

პროექტი:

პროექტის განხორციელება დაიწყო 2017 წელს. მულტიდისციპლინარული მობილური ჯგუფის ფორმირებისა და შინ მოვლის მომსახურების გაწევის გზით, იგი მიზნად ისახავდა თბილი, უსაფრთხო და ღირსეული გარემოს შექმნას მარტოხელა ხანდაზმულთათვის. პროექტის გუნდმა შეიძინა სატრანსპორტო საშუალება და სათანადოდ აღჭურვა იგა. ბენეფიციართათვის საჭირო მომსახურების გასაწევად, შეირჩა მულტიდისციპლინარული გუნდის წევრები.

პროექტი ითვალისწინებდა შინ მოვლის მომსახურების გაწევას ზუგდიდის მუნიციპალიტეტში მცხოვრები მარტოხელა, მზრუნველობამოკლებული მოხუცებისთვის. სამწუხაროდ, მუნიციპალიტეტში არ არსებობდა ხანდაზმულთა მზრუნველობის პროგრამა, რომელსაც ადგილობრივი მთავრობის წარომადგენლები განახორციელებდნენ დამოუკიდებლად. პროექტი ითვალისწინებდა შინ მოვლის ინოვაციური მიდგომის დანერგვას - თვალისმომჭრელი ნარინჯისფერი, სათანადოდ აღჭურვილი სატრანსპორტო საშუალების გამოყენებით, ხორციელდებოდა ვიზიტები პროექტის ხანდაზმულ ბენეფიციარებთან. ეს უკანასკნელნი ენთუზიაზმით იყვნენ განწყობილნი მათთვის შინ გაწეული მომსახურების მიმართ. 

ავტომობილის საგანგებოდ ადაპტირების შედეგად, შესაძლებელი გახდა ბენეფიციართათვის ადგილზე ძირითადი საჭიროებების დაკმაყოფილება, სახლ-კარის დასუფთავებასა და სასოფლო სამეურნეო სამუშაოებში დახმარების აღმოჩენა, ექიმის მომსახურება. მანქანა აღჭურვილია ყველა საჭირო ინვენტარით: სარეცხი მანქანა, სამეურნეო იარაღები, თავის მოვლისა და პირადი ჰიეგიენის დაცვის საშუალებები, როგორიცაა თმისა და კანის მოვლის საშუალებები, შხაპი და აბაზანა. ეს იყო უაღრესად მნიშვნელოვანი გამოცდილება ყველა ჩართული მხარისთვის (PIN, მუნიციპალიტეტი და ბენეფიციარები). ახლა კი, პროექტი გაგრძელდება დამოუკიდებლად. ორგანიზაცია „ფიფლ ინ ნიდ", რომელმაც უზრუნველყო პროექტის საწყისი ეტაპის განხორციელება, მიანდობს მას მუნიციპალიტეტს.

"ეს იყო ძალიან წარმატებული პროექტი" , ამბობს ნანა ყურაშვილი, ორგანიზაციის „ფიფლ ინ ნიდ" პროგრამების ხელმძღვანელი საქართველოში.

"2017 წლის ივლისიდან, მობილურმა ჯგუფმა დაიწყო ხანდაზმულთათვის მომსახურების გაწევა. ჯგუფი გადაადგილდებოდა ნარინჯისფერი ფურგონით, რომელიც მარტივად საცნობი იყო ბენეფიციარებისთვის. ფურგონი აღჭურვილი იყო სარეცხი მანქანით. აქვე იყო მოწყობილი მცირე ზომის მისაღები სივრცეც".

"მანქანა აღჭურვილია საველე სამუშაობის ჩასატარებლად საჭირო ყველა ინვენტარით," აცხადებს გოგი რევია, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოციალური სამსახურის უფროსი.

ანა ქოჩუას, პროექტის კოორდინატორის განცხადებით: „ექიმი აწვდის ხანდაზმულს სამედიცინო მომსახურებას, მომვლელი უვლის და ულაგებს სახლს. ეს ძალზედ მნიშვნელოვანი პროექტია, რადგან ზუგდიდის მუნიციპალიტეტში 300-ზე მეტი მარტოხელა ხანდაზმულია".

ნანა ყურაშვილი, ორგანიზაციის „ფიფლ ინ ნიდ" პროგრამების ხელმძღვანელი ასევე დასძენს: "ხანდაზმული ადამიანების რაოდენობა საქართველოში შეადგენს მთლიანი მოსახლეობის ერთ მეხუთედს. მათ შორის საკმაოდ დიდია მარტო მცხოვრები, მარტოხელა ადამიანების რაოდენობა. სოციალური მომსახურების სისტემა საქართველოში საკმაოდ ცენტრალიზებულია. ადგილობრივ დონეზე, იგი ძირითადად შემოიფარგლება ერთჯერადი ფულადი გასაცემლით. ეს კი, საბოლოო ჯამში, ვერ აუმჯობესებს სხვადასხა კატეგორიის მოწყვლადი ჯგუფების მდგომარეობას. ამიტომ, მნიშვნელოვანია, რომ სოციალური მომსახურება იყოს ზრუნვაზე ორიენტირებული, დაფუძნებული გრძელვადიან სისტემურ მიდგომებზე, რაც საბოლოო ჯამში, თუნდაც შორეულ პერსპექტივაში, გააუმჯობესებს ამ ადამიანების ყოფას."

ანა ქოჩუა, პროექტის კოორდინატორი, აღნიშნავს: "სწორედ ეს იყო ჩვენი პროექტის მთავარი მიზანი: მომხდარიყო ადგილობრივი თვითმმართველობისა და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების დაახლოვება დიალოგის რეჟიმში და შემდეგ, მათ მიერ შემუშავებული ერთიანი ხედვა, ერთიანი მიზანი ყოფილიყო მოწყვლადი კატეგორიების მიმართ ზრუნვაზე ორიენტირებული."
ავტორი: Irene Itria