პროფესიული განათლება დასაქმებისკენ მიმავალი უმოკლესი გზა

პროფესიული განათლება დასაქმებისკენ მიმავალი უმოკლესი გზა

„არასდროს არის გვიანი სწავლის დაწყება. პროფესიული განათლება მოიცავს დიდ პერსპექტივებს ახალგაზრდებისთვის; საჭიროა მხოლოდ პირველი ნაბიჯის გადადგმა. გარანტიას გაძლევთ, მიიღებთ შედეგს, რომელზეც ვერც კი იოცნებებდით",- აცხადებს ლევანი, წარმატებული ვეტერინარი, დიდი ჯიხაიშის პროფესიული კოლეჯის კურსდამთავრებული.

ფაქტია, რომ საქართველოში დასაქმება წარმოადგენს მნიშვნელოვან პრობლემას უნივერსიტეტის კურსდამთავრებულთათვის. გამომწვევი მიზეზია ის, რომ ჩვენი უნივერსიტეტები სტუდენტებს სთავაზობენ ფართოდ გავრცელებულ პროფესიებს: იურისტები, ეკონომისტები და ისტორიკოსები. აღნიშნული პროფესიების მიწოდება მნიშვნელოვნად აღემატება ბაზრის მოთხოვნას; ფართოდ მოთხოვნადი ტექნიკური დარგები კი, როგორიცაა მცხობელი, სანტექნიკოსი, მშენებელი და ტექნიკოსი, ყურადღების მიღმა რჩებოდა საგანმანათლებლო სისტემის მიერ მრავალი წლის მანძილზე.

დღემდე ფართოდ გავრცელებული მოსაზრების მიხედვით, პროფესიული განათლება გათვლილია ნაკლებად წარმატებულ სტუდენტებზე. თუმცა, ბოლო დროს, შესამჩნევია დადებითი სიგნალები - მთავრობამ მხარი დაუჭირა მაღალხარისხიანი პროფესიული განათლების სისტემაზე ორიენტირებულ მრავალ ინიციატივას. განათლებისა და შრომის სამინისტროს წარმომადგენლები სისტემატურად უსვამენ ხაზს იმ ფაქტს, რომ პროფესიული განათლების ხელშეწყობა სამინისტროს ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია. ევროკავშირი და საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციები აქტიურად ცდილობენ მთავრობის მხარდაჭერას აღნიშნულ პროცესში.

შედეგად, თუკი ავიღებთ სიტუაციას 5 წლის წინ, დღევანდელი რეალობა ბევრად უკეთესია. ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, პროფესიული სასწავლებლის მიერ 2016-17 წლებში გამოშვებული 3000 სტუდენტიდან, 70% წარმატებით იქნა დასაქმებული. სტატისტიკა იმედისმომცემია, თუმცა ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორია ის, რომ ამ ტიპის განათლების სისტემაში შეინიშნება დადებითი ტენდენციები. გვაქვს საფუძველი გვქონდეს ოპტიმისტური განწყობა და მოლოდინი, რომ უახლოეს მომავალში, მიღწეულ იქნება ბალანსი პროფესიების მიწოდებასა და ბაზრის მოთხოვნებს შორის. ტექნიკური პროფესია დამკვიდრდება, როგორც შემოსავლის გენერირების მნიშვნელოვნი წყარო. დაიმსხვრევა პროფესიულ განათლებასთან დაკავშირებით არსებული მოძველებული სტერეოტიპები.

2015 წელს, ევროკაშირისა და ჩეხეთის მთავრობის დაფინანსებით, ორგანიზაციამ „ადამიანი გაჭირვებაში" დაიწყო პროექტი, რომელიც ითვალისწინებდა სოფლის მეურნეობის მიმართულებით პროფესიული განათლების ხარისხის ამაღლებას. ამ მიზნით, შერჩეულ იქნა 5 პოფესიული სასწავლებელი.

PIN-ის დახმარების წყალობით, პროექტში მონაწილე პროფესიული კოლეჯები ახლა უკვე უკეთ პასუხობენ ადგილობრივი შრომის ბაზრის მოთხოვნებს, რადგან მათ დახვეწეს პროფესიული განათლების სასწავლო გეგმა. მაღალი ხარისხის პროფესიული კურსების მიწოდების მიზნით, პედაგოგებმა გაიარეს შესაბამისი ტრენინგები.

ერთ-ერთი ამგვარი ინსტიტუტია დიდი ჯიხაიშის პროფესიული კოლეჯი. 2015 წელს, კოლეჯის პერსონალმა გაიარა პროფესიული გადამზადების კურსი; შემუშავებულ იქნა პროფესიული განათლების სასწავლო პროგრამა.

გაუმჯობესებული სასწავლო პროგრამებისა და კვალიფიციური ტრენერების წყალობით, დიდი ჯიხაიშის კოლეჯმა მალევე მოიხვეჭა რეგიონში ერთ-ერთი ყველაზე ავტორიტეტული საგანმანათლებლო დაწესებულების სახელი. სასწავლო სემესტრში, ახალ პროგრამაში ჩარიცხვა შეუძლია 45-ზე მეტი სტუდენტს; ჯგუფები უმალვე ივსება.

2015 წლიდან, დიდი ჯიხაიშის პროფესიული კოლეჯი დაეხმარა მრავალ ახალგაზრდას კარიერული გზის გაკაფვაში. ერთ-ერთი მათგანია ლევან ღვინჯილია, თბილისის სამედიცინო უნივერსიტეტის კურსდამთავრებული. სამედიცინო უნივერსიტეტის დასრულების შემდეგ, სამუშაოს მოძიება შეუძლებელი მისია აღმოჩნდა მოტივირებული ახალგაზრდისთვის. 2015 წელს, მეგობარმა, რომელმაც გაიარა მცხობელის კურსი პროფესიულ კოლეჯში და წარმატებით დასაქმდა ადგილობრივ საცხობში, რეკომენდაცია გაუწია დიდი ჯიხაიშის კოლეჯს. ლევანმა არჩევანი გააკეთა კურსზე, რომელიც ახლოს იდგა მის თავდაპირველ უმაღლეს განათლებასთან. მან დაიწყო ვეტერინარული მედიცინის შესწავლა.

„პროგრამა გრძელდებოდა ერთი წლის მანძილზე და მოიცავდა ცხოველთა ქირურგიას, კარდიოლოგიას, სტომატოლოგიას, დერმატოლოგიას, ანესთეზიოლოგიას, ასევე თანამედროვე ვეტერინარული აღჭურვილობის გამოყენების წესებს. არ არის მარტივი დაეუფლო ისეთ რთულ მეცნიერებას, როგორიცაა ვეტერინარული მედიცინა, ერთ წელიწადში; თუმცა ჩვენი ლექციები ძალიან კარგად იყო გაწერილი; კურსმა, რომელიც იყო ლაკონური და მოკლე, შეგვძინა როგორც თეორიული, ასევე პრაქტიკული ცოდნა. რასაკვირველია, ეს მხოლოდ დასაწყისია. მე გავაგრძელებ სხვადასხვა ასპექტებზე მუშაობას, რომლებიც, ჩემი აზრით, საჭიროებს შემდგომ დახვეწას. თუმცა, სიღრმისეული ცოდნა მოვა პრაქტიკასთან ერთად", - აცხადებს ლევანი.

კურსის გავლის შემდეგ, ერთი წლის თავზე, ლევანი მზად იყო დაეწყო ვეტერინარული საქმიანობა. მან მოაწყო მცირე ოთახი მის მშობლიურ სოფელ ჩხოროწყუში და დაიწყო მოსახლეობისთვის მრავალი სერვისის შეთავაზება ვაქცინაციით დაწყებული, რთული ქირურგიული ოპერაციებით დასრულებული.

„ორი წლის წინ, ვერც კი წარმოვიდგენდი, რომ შესაძლებელი იყო მსგავსი განათლების მიღება ჩვენს რეგიონში. ახლა დარწმუნებული ვარ, რომ შემიძლია გავხდე ნამდვილი პროფესიონალი და სარგებელი მოვუტანო ხალხსა და საკუთარ თავს. შემიძლია თამამად ვთქვა, რომ სწორედ ამ კოლეჯში დაიწყო ჩემი ახალი ცხოვრება", - ამბობს ლევანი.

მრავალი წლის მანძილზე, ჩხოროწყუ არ იყო განებივრებული ვეტერინარული მომსახურებით. ადგილობრივ მაცხოვრებელთათვის ერთადერთ ალტერნატივას ზუგდიდში გამგზავრება წარმოადგენდა, რაც უკავშირდებოდა მნიშვნელოვან ხარჯებს.

„საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, ჩვენს ქალაქს არ ჰქონდა ვეტერინარული სამსახური. იძულებული ვიყავით გაგვეწია ტრანსპორტირების ხარჯი და ცხოველი გადაგვეყვანა ზუგდიდში. ამგვარი მდგომარეობა მიუღებელი იყო. პრობლემის გადასაჭრელად მივმართეთ ადგილობრივ თვითმმართველობას, თუმცა უშედეგოდ. ლევანმა იპოვა გამოსავალი; უკვე სამჯერ ვისარგებლე მისი მომსახურებით; მისი ფასები მისაღებია; ჩვენი ერთადერთი წუხილი არის ის, რომ ზოგჯერ, როდესაც რეგიონში მძვინვარებს გარკვეული ვირუსი, ლევანს უხდება მარტომ მოემსახუროს ჩხოროწყუს მთლიან თემს", ამბობს ჩხოროწყუს ბინადარი, გიორგი სამნიშვილი.

როდესაც ლევანთან ვისაუბრეთ მოსახლეობის წუხილის შესახებ, მან აღნიშნა, რომ მომავალი წლისთვის აპირებდა საქმიანობის გაფართოებას.

„მომავლისთვის დიდი გეგმები მაქვს, ჩვენი მუნიციპალიტეტი საკმაოდ დიდია. რადგან ვარ ერთადერთ ვეტერინარი, ყოველთვის ვერ ვახერხებ ყველას დახმარებას. არსებულმა მდგომარეობამ მაიძულა დამეწყო ფიქრი გაფართოების შესახებ. ახალი კლინიკის შენობის სარდაფი უკვე დასრულებულია და თუ ყველაფერი გეგმის მიხედვით განვითარდა, მომავალ წელს მექნება ახალი კლინიკა; დავასაქმებ 2-3 ვეტერინარს, ერთ სანიტარს და ერთ ფარმაცევტს. უკვე მაქვს კონკრეტული იდეა, თუ ვინ შეიძლება იყვნენ ეს ადამიანები. დიდი ჯიხაიშის პროფესიულ კოლეჯში განათლების მიღების გარდა, გავიცანი მრავალი პროფესიონალი, რომლებმაც ჩემთან ერთად დაასრულეს სასწავლებელი. ისინი ჩემი მეგობრები არიან, ამავდროულად კი, ნამდვილი პროფესიონალები. მეგობრობა, პროფესიონალიზთან კომბინაციაში, წარმატებული შედეგის გარანტია", - ამბობს ლევანი.

როგორც ლევანმა განაცხადა, დიდი ჯიხაიშის პროფესიულ კოლეჯში სტუდენტების უმრავლესობა უნივერსიტეტის კურსდამთავრებულები არიან, რომლებმაც, ლევანის მსგავსად, ვერ მოახერხეს სამუშაო ადგილის მოძიება. მათთვის, პროფესიული განათლება ერთ-ერთი უმთავრესი გზაა დასაქმებისა და წარმატებული კარიერის დაგეგმვისთვის.

ავტორი: რამაზ ჭიჭინაძე